კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

113

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

გორში დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება აღარ გაიმართება. საუბარია 3 და 8 მარტის ღონისძიებებზე. 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა ასევე მარნეულში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, დედის დღის და ქალთა დღეებთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდება, სადაც კონცერტები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები იყო დაგეგმილი უქმდება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს იმერეთის რეგიონშიც. ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ავრცელებს, რომელმაც COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

პრევენციის მიზნით, მერიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა ბათუმშიც. დროებით შეწყდა დელფინარიუმში წარმოდგენები.

ამასთან, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურიაში, ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ რეგიონში, კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, სადაც პრევენციული ზომები განიხილა.

პირველ მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს.

საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ასევე მიიღეს დავალებები, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.