რუსთავის მერის ინიციატივით, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად სტუდენტები გარკვეული თანხით დაფინანსდებიან – ვის ეხება გადაწყვეტილება

684

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების წევრ სტუდენტებთან ერთად, მგზავრობის თანხას, მაღალი აკადემიური მოსწრების, ის სტუდენტებიც მიიღებენ, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლობენ. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, აღნიშნული ცვლილება, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში შევიდა.

,,რუსთაველ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი სრული ოდენობით ან სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე არიან ჩარიცხულები და მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81-ს შეადგენს, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ. აღნიშნული ცვლილება, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში შევიტანეთ. მუნიციპალიტეტი, ამასთან ერთად, აფინანსებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების სწავლის საფასურსაც. გასულ წელს, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსების თანხა 800 ლარი იყო, წელს გავზარდეთ და აკადემიური მოსწრების მიხედვით 800-დან 1200 ლარამდე გახდა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის განცხადებით, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილება, სტუდენტებისა და მათი მშობლების თხოვნის შედეგად განხორციელდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან, რუსთავიდან, თბილისის მიმართულებით მგზავრობის თანხის დასაფარად, მაღალი აკადემიური მოსწრების (81-დან 100 ქულამდე) სტუდენტები, ყოველთვიურად სტუდენტურ ანგარიშზე 60 ლარის ოდენობის თანხას მიიღებენ.