ახალციხის სოფელ გიორგიწმინდასთან 1,7 მილიონიანი ახალი ხიდი აშენდება

938

ხაშური-ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გიორგიწმინდის ხევზე, ხიდის პროექტირებისა და მშენებლობისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 1 708 265 ლარზე გამოაცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გამარჯვებულმა კომპანიამ პირველ ეტაპზე, 180 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მშენებლობის დეტალური პროექტი. მშენებლობისთვის კი კომპანიას 450 დღიანი ვადა ექნება.

სადენტერო დოკუმენტაციის მიხედვით, არსებული ხიდი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს.

„ხიდზე აღინიშნება მრავალი დაზიანება. აღნიშნული დაზიანებები აღწერილია გამოკვლევა-გამოცდის ანგარიშში. გამოკვლევის მიხედვით, ხიდის არსებული მდგომარეობიდან და გზის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა არსებული ხიდის ნაცვლად დაპროექტდეს და აშენდეს ახალი სახიდე გადასასვლელი“ – წერია პროექტის რეკომენდირებულ ვარიანტში.

ტენდერზე წინადადებების მიღება 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება.