ქობულეთის გამგებელი სოფელ საჩინოს მოსახლეობას პასუხობს

690

ქობულეთში, სოფელ საჩინოში მოსახლეობა უწყლოდ არ არის, – ამის შესახებ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ  განაცხადა. გამგებელი ამბობს, რომ წვიმის დროს წყლის რეზერვუარებში ქვიშა ილექება და მისი გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რაც წყლის მიწოდებას მცირე დროით აფერხებს.

სულხან ევგენიძის განცხადებით, სოფელ საჩინოში წყლის რეზერვუარებზე გამფილტრავი მოწყობილობების დასამონტაჟებლად სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.

„ძლიერი წვიმის დროს რეზერვუარები ქვიშით ილექება, რომლებსაც ვკეტავთ და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს ვახორციელებთ. სრულად გამწენდის შემთხვევაში მოსახლეობას წყალს ვაწვდით. სათავე ნაგებობები მთაშია. პროექტის ფარგლებში 2018 წელს მესამე ეტაპი დაიწყება და წყლის რეზერვუარებზე გამფილტრავი მოწყობილობები დამონტაჟდება, რისთვისაც შენობა-ნაგებობებია საჭირო. ამისათვის კი ტენდერი უკვე გამოცხადებულია“,- განაცხადა სულხან ევგენიძემ.

ქობულეთში, სოფელ საჩინოს მოსახლეობა სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, წყალი სასმელად უვარგისია. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ქობულეთის გამგეობამ 2016 წელს სოფელ საჩინოში წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა პროექტი არასწორად დაიგეგმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი