გორში ახალი ავტოსადგური კომბინატის დასახლებაში აშენდება

1510

ახალი ავტობუსებისთვის ავტოსადგური კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა, –  განაცხადეს გორის მერიაში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც მერიაში ამბობენ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეძენილი ახალი ავტობუსები მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ გადაუცათ.

“ჯერჯერობით არ გადმოგვცემია ახალი ავტობუსები. ველოდებით კანონმდებლობის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, გორს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება მიენიჭება. თებერვლისთვის ველოდებით ავტობუსების გადმოცემას. ასევე უნდა მოეწყოს ახალი ავტოსადგური, რომელიც კომბინატის დასახლებაში, იმ ტერიტორიასთან ახლოს იქნება, სადაც მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი შენდება. ამაჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები”, – განაცხადეს მერიაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ავტობუსი შეიძინა, 30 ავტობუსი კი გორს გადაეცემა.