გორში, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

1623
გორი

გორში, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 92- მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება უშუალოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩას დააკავშირებს, 370 მეტრი იქნება.

„ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას. სანაპიროს მოწყობაზე 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ნაპირსამაგრი კედლის სამშენებლო სამუშაოები დღეს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა დაათვალიერეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.