როგორ ხსნის ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის თაობაზე დაპირების არშესრულებას

1084

წინა სტატია

ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის თაობაზე დაპირების არშესრულებას,  ესკიზის მიმართ მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებით ხსნის. ინფორმაცია ქუთაისი პოსტი ავრცლებს.

მერიაში განმარტება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეკონსტრუქცია აღარ ჩაუტარდება.

სწორედ ამის შემდეგ, მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ, შესაძლოა, სამუშაოების დაფინანსების მიზნით რგფ-ს მიმართონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ბაღის ესკიზი საზოგადოებას მოეწონება.

“შარშან, როცა იყო გამოკითხვა, მოსახლეობის უმრავლესობას არ მოეწონა ესკიზი. რადგან, ეს არის ქალაქის ისტორიული  ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის როგორი იქნება მისი ვიზუალი, გადავწყვიტეთ,  ისევ ჩავატაროთ გამოკითხვა და თუ მოეწონებათ, მივმართავთ რეგიონალური განვითარების ფონდს დაფინანსების თხოვნით“, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ფაქტია, რომ ქუთაისის მერიას ცენტრალური ბულვარის რეკონსტრქუცია ამ ეტაპზე გეგმაში არ აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან  საფინანსო სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა მხოლოდ შადრევნის რეკონსტრუქციისთვის არის გათვალისწინებული.  ფაქტია ისიც, რომ მერიას არც რგფ-სთვის მიუმართავს პროექტის დაფინანსების თხოვნით.

ცნობისთვის, ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიამ გასული წლის ზაფხულზე დააანონსა. ბულვარის საბოლოო ესკიზის შერჩევა საზოგადოებას მიანდო და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე   სხვადასხვა  ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი ფერისა და ფორმის ელემენტისთვის ხმა მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ,  მერიაში განაცხადეს, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა ვერ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171  წლისაა და ის მუშტაიდის პარკის შემდეგ,  სიძველით,  მეორეა მთელ ამიერკავკასიაში. ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა  სარეკონსტრუქციო სამუშაოები,  თუმცა,  მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.