“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს იურიდიული დახმარება გაუწიოს

86

წინა სტატია

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს პარლამენტთან დღეს აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გამოთქვამს მზადყოფნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იურიდიული დახმარება/წარმომადგენლობა გაუწიოს ნებისმიერ პირს, ვინც დაკავებულ იქნა 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს.

სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 599 911 558, 599 03 08 34”,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.