ახალქალაქის სოფელ ოლავერდის სკოლაში საპირფარეშოს ასაშენებლად 40 000 ლარი დახარჯეს და ვერ იყენებენ

151

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში ახალი საპირფარეშო ააშენეს მაგრამ, იმის გამო, რომ შენობაში წყალი არ აქვთ, საპირფარეშო დაკეტილია. ახალქალაქის მერი ამბობს, რომ გაზაფხულამდე წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ოლავერდის საჯარო სკოლაში, სადაც 98 მოსწავლე სწავლობს, საპირფარეშო მიმდინარე წელს გააკეთეს. სამუშაოებისთვის 40 000 ლარი დაიხარჯა.

“ინფორმირებული ვარ პრობლემის შესახებ. წნევა არ აქვს წყალს და სიმაღლეზე ვერ ადის, ამ საკითხზე მუშაობენ. სხვას ვერაფერს გეტყვით, ეს მერიის პროექტია და მას ჰკითხეთ“, – განაცხადა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ტერეზა ჩივჩიანმა.

ახალქალაქის მერი იური უნანიანის განმარტებით, პრობლემა არასწორად შედგენილმა პროექტმა გამოიწვია.

“საჭიროა წყალი ცენტრალური მაგისტრალიდან ამოვიყვანოთ, 600 –700 მეტრია. ამისთვის ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს,დაახლოებით 3–4 ათასი ლარია საჭირო, დიდი თანხა არ არის, თუ ნაშთი დარჩა იმით გავაკეთებთ, ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ“, – განმარტავს იური უნანიანი.

მისი თქმით, რადგან ახალქალაქში მკაცრი ზამთარია, სამუშაოებს გაზაფხულამდე ვერ დაიწყებენ, ამ პერიოდის განმავლობაში კი პროექტს მოამზადებენ.

“ვიდრე წყლის პრობლემას მოვაგვარებთ, მანამდე ისევ ძველი საპირფარეშოთი ისარგებლებენ, რომელიც ეზოში დგას“, – ამბობს იური უნანიანი.