480-გვერდიანი დოკუმენტი გორის განვითარებისთვის – მერიამ გეგმის პროექტი წარადგინა

34

გორის მერიამ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი საზოგადოებას წარუდგინა. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“480 გვერდიანი გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გორს გასული საუკუნის შემდეგ არ ჰქონია, მალე საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად. კონცეფცია შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენ დოკუმენტად საინვესტიციო პაკეტების შემუშავებისათვის, რადგან ის ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებაზე. ის, შესაძლოა, ასევე გახდეს გორის ბრენდის შემუშავების საფუძველი, რაც გაზრდის ქალაქის ცნობადობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას,” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

როგორც ცნობილია, გეგმის კონცეფცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ,,სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მოამზადა. პრეზენტაციას ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მათი განცხადებით, გორი საქართველოში თბილისის შემდეგ მეორე მუნიციპალიტეტია, რომელსაც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი ექნება.