ზედამხედველობის დეპარტამენტი: ვალეში, ასფალტის ქარხანა ჰაერს და მდინარეს აბიუნძურებს

60

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალეში, ასფალტის მწარმოებელ ქარხანაში სამართალდარღვევები გამოავლინეს. არაგეგმიური ინსპექტირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შპს „ასტორია “ გარემოს აბინძურებს. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა ერთ წელში, 14 771 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9ნიუსი ავრცელებს.

შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებზე ოქმი შეადგინეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი და ნარჩენების მართვის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ფიქსირდება.

„ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების გადაჭარბების გამო, გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენს 14 771,08 ლარს. მასალები განსახილველად შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება“, – ამბობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ჰაერისა და მდინარე ფოცხოვის დაბინძურების გარდა, სახიფათო ნარჩენები აღმოაჩინეს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც ინსპექტირების ჯგუფმა გარემოს დანაგვიანება დააფიქსირა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მეწარმეს სამართალდამრღვევად ჩათვლის, შპს „ასტორიას“ გარემოზე მიყენებული ზიანის გარდა, ჯარიმის სახით, 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.

მუქ კვამლზე ვალის მეორე შახტის მოსახლეობა ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმო არა მხოლოდ დასახლებას, არამედ მთელ ხეობას აბინძურებს.
საწარმოს ხელმძღვანელი შემოწმებისას აცხადებდა, რომ კვამლის შეფერილობის მიუხედავად, გამონაბოლქვი გარემოს არ აბინძურებდა.

„კვამლი სანამ გარეთ გავა, ჯერ ფილტრს გაივლის. მოსახლეობისთვის საშიში არ არის, ყველამ იცის ეს, 2005 წლიდან ვმუშაობთ და ჯერ არავინ დაავადებულა. ბოლი შავი იმიტომ არის, რომ მაზუთს ვწვავთ. გაზზე რომ ვიმუშავებთ, თეთრი ბოლი იქნება“, – ამბობდა მალხაზ მანველიშვილი.

ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა), 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება) და 792 მუხლით (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა).

ასევე – ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება), და 44-ე მუხლით (ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული ქმედების გამო).