ახალგაზრდული პროექტის მეორე გამარჯვებული იდეა – ინოვაციური გაჩერებები გარდაბანში

259

წინა სტატია

5 მუნიციპალიტეტში დაწყებულ პროექტს – „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ უკვე მეორე გამარჯვებული ჰყავს – გარდაბნის მოსახლეობამ სამი ახალგაზრდული პროექტიდან უპირატესობა ქალაქში ინოვაციური გაჩერებების მოწყობას დაუჭირა.

დრამატული აღმოჩნდა თავად კენჭისყრა, რომელიც მაღალი კონკურენციის ფონზე წარიმართა და გამარჯვებულმა პროექტმა მეორე ადგილზე გასულს სულ რაღაც 5 ხმით აჯობა.

ახალგაზრდული იდეების შესარჩევად კენჭისყრა 4 ნოემბერს გარდაბნის კულტურის სახლში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 429 ადამიანმა მიიღო. მოსახლეობას არჩევანი სამი საპროექტო იდეიდან უნდა გაეკეთებინა: „კარცერ-ლუქსი“, რეკრეაციული ზონა და ინოვაციური გაჩერებები.

ყველაზე მეტი – 210 ხმა ინოვაციური გაჩერებების პროექტმა მიიღო, 205 ხმა – „კარცერ-ლუქსმა“, ხოლო 13 ხმა  – რეკრეაციის პროექტმა. 1 ხმა კი გაბათილდა.

გამარჯვებული საპროექტო იდეის ავტორები ნათია ონიანი, გიორგი ონიანი და გიორგი ფოჩხიძე არიან. მათი გათვლებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 80 000-100 000 ლარია.

ინოვაციური გაჩერებების იდეა გულისხმობს გარდაბანში კომფორტული, შემეცნებითი და ეკოლოგიურად სუფთა მოსაცდელების მოწყობას, რათა ტრანსპორტის განრიგის არარსებობის გამო მგზავრებისთვის მოცდის დრო შემსუბუქდეს. გაჩერებები აღჭურვილი იქნება ინტერნეტით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, მზის პანელებით, დენცქვიტებით, მონიტორით, სადაც გავა ვიდეორგოლები, იქნება არაკომერციული სარეკლამო ბანერიც და მოქალაქეები მოსაცდელში მიიღებენ ინფორმაციას, როგორც შემეცნებითს, ისე  მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე; დაიდგმება ყუთი, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ, საკუთარი იდეა მიაწოდონ მუნიციპალიტეტის მერიას.

პროექტი “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის” გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში – ცაგერში, ტყიბულში, ჭიათურაში, გარდაბანსა და სურამში ხორციელდება. პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარებისთვის, თავად ჩაერთონ პროცესში და საკუთარი საპროექტო იდეებით შეიტანონ წვლილი მათ განვითარებაში.

10 ნოემბერს საპროექტო იდეებიდან საუკეთესოს უკვე ცაგერის მოსახლეობა შეარჩევს.