IDFI: 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა, ასევე 1,8 მილიონით გაიზარდა პიარისთვის დახარჯული თანხა

65

სტატიის გაგრძელება

“თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა.

2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა,”- 2017-2018 წლებში ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი, მისი სტატუსის და დაფინანსების მოცულობით გამორჩეულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს, შესაბამისად, როგორც აღმასრულებელი ისე წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური განკარგვა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2017 და 2018 წლების მონაცემები, რომელიც ეხება თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობასა და ადმინისტრაციულ ხარჯებს, მერიასა და საკრებულოში საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების დინამიკას. ასევე შესწავლილი იქნა, მუნიციპალიტეტში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკა, ავტოპარკის განკარგვისა და წარმომადგენლობითი ხარჯების პრაქტიკა.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა კვევა ასევე ფარავს ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა მივლინებების, საწვავის მოხმარების და სარეკლამო ხარჯებს. კვლევა ეფუძნება ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში არასრული ინფორმაციის მიღების გამო, გარკვეული მონაცემების დამუშავება და შედარება ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა.

2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.

საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 ათასი ლარით შემცირდა.

მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დახარჯული თანხა 2018 წელს 1 მლნ 790 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნასა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედშია” კონცენტრირებული.

მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.