თბილისის მერიის პროექტი “ჩემი ადვოკატი“ მედიაციის მიმართულებით მუშაობას იწყებს

55

თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატებმა, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ოთხდღიანი ტრენინგი – “წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში“ გაიარეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი “მედიაცია და არბიტრაჟი – დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობას.

“მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც, მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, სტრატეგიის შემუშავებაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად, დაბალი ფინანსური დანახარჯით თავად აგვარებს წარმოშობილ დავას.

მედიაციის პროცესი ხელს შეუწყობს სასამართლოს განტვირთვასა და მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას”, – განმარტავენ მერიაში.

ცნობისთვის, კანონი მედიაციის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 27 სექტემბერს მიიღო.

“მედიაციის, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიული მეთოდი ამ დრომდე ნაკლებად გამოიყენებოდა, ხოლო პრაქტიკის განსავითარებლად მნიშვნელოვანია კერძო პრეცედენტების შექმნაც, რაც მედიაციასთან დაკავშირებით ცნობიერების, ნდობის და პოპულარიზაციის მიმართულებით პოზიტიურ როლს შეასრულებს.

ა(ა)იპ “ჩემი ადვოკატი“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაციის განვითარებას რაც ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობას გაზრდის”, – ამბობენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ცნობით, ორგანიზაცია “ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 000 მოქალაქეს უწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას, ხოლო 2020 წლიდან მოსახლეობას დავების მედიაციის მეშვეობით გადაწყვეტასაც შესთავაზებს.