სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12, ხოლო ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა

764

ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გრიგოლ ივანეიშვილს მოსამართლის გადაწყვეტილებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი პირობითი მსჯავრი.

გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, „სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია და ორივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ.

“თეიმურაზ ჩოჩუა ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის აღებაში დახმარებაში. მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ოთხი წელი განესაზღვრა პირობით. ასევე განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, რაც შეეხება გრიგოლ ივანეიშვილს, ის ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ ქრთამის აღებაში დიდი ოდენობით და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე მას ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.