ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია ახალციხეში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

912

ახალციხის მერის მრჩევლის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს, – ნათქვამია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ინფრასტრუქტურის საკითხებში ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს2014 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნა, მისი კომპანიის შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 103 065 ლარი (დაახლოებით 27%) „მშენებელი 2004”-ს ახალციხის მუნიციპალიტეტების შესყიდვებიდან დაერიცხა. გელვასი გელაძე ერთდროულად სატენდერო და მიღება-ჩაბარების კომისიების წევრიც იყო, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც. ამ თანხის ნახევარზე მეტი – 651 420 ლარი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით მიიღო.

„მშენებელი 2004“ ახალციხის (როგორც თვითმმართველი ქალაქის, ასევე გაერთიანებული) მუნიციპალიტეტების ტენდერებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მისი დირექტორი, გელვასი გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობის პირი გახდა. იგი  2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ქალაქ ახალციხის მერიაში ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის დეკემბრიდან კი, რაც თვითმმართველი ქალაქი გაუქმდა და თვითმმართველ თემთან გაერთიანდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ იგი ინფრასტრუქტურის საკითხებში მრჩევლად დანიშნა.

ორივე მუნიციპალიტეტში, მისი მოვალეობა იყო და არის ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოს შეფასება და ჩაბარება. მეტიც, 2014-2017 წლებში გელვასი გელაძე თვითმმართველ ქალაქში როგორც სატენდერო, ასევე, მიღება-ჩაბარების კომისიების წევრიც იყო. 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კი ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მრჩევლის პოზიციასთან ერთად მიღება-ჩაბარების კომისიის წევრობასაც ითავსებს.

სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე გელვასი გელაძე ზედამხედველობას საკუთარი კომპანიის „მშენებელი 2004“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებსაც უწევს. იგი ამ კომპანიის 20% წილის  მფლობელია,  ახალციხის მერიაში დანიშვნამდე კი, 10 წლის განმავლობაში  მისი დირექტორიც  იყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოგებული ტენდერები

“მშენებელი-2004-ს”, გელვასი გელაძის მერიაში დანიშვნამდე, ოთხ წელიწადში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ხუთი ტენდერი ჰქონდა მოგებული, საიდანაც  253 719 ლარი დაერიცხა. დანიშვნის შემდეგ კი, ექვს  წელიწადში, 15 ტენდერი მოიგო და ჯამში ხელშეკრულებები 924 866 ლარზე გაუფორმდა (დანარჩენი 178,199 ლარი კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით მიიღო). 15-დან 10 შემთხვევაში გელაძის კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო, 3 შემთხვევაში კი მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ და ხელშეკრულებები „მშენებელი 2004“-თან გაფორმდა.

“მშენებელი 2004“-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტებში ტენდერებიდან მიღებული თანხმები  2015  წლიდან  დღემდე:

იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც გელვასი გელაძეს თანამდებობები ეკავა და უკავია და მისი კომპანია ერთადერთი შემსყიდველია, ტენდერებს მცირე ფასთა კლებით იგებს. მაგალითისთვის, თვითმმართველ ქალაქში მოგებული 10 ტენდერიდან  შვიდში  ერთადერთი პრეტენდენტი იყო, შვიდიდან  ხუთ შემთხვევაში (SPA170012230;  SPA170008634;  NAT160002022;  SPA150016245SPA150016127) კი ხელშეკრულებები იგივე ფასზე, ან ერთი ლარით ნაკლებზე გაუფორმდა.

საერთო ჯამში, 2014 წლიდან დღემდე „მშენებელი 2004“-მა  სულ 46 ტენდერი მოიგო. აქედან  სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში (გარდა ახალციხის იმ მუნიციპალიტეტებისა, რომლებშიც თანამდებობები ეკავა) – 22, სხვა საჯარო უწყებებში კი – 9. მოგებული 46 ტენდერიდან 25-ში ერთადერთი პრეტენდენტი იყო,  14-ში კი მის კონკურენტებს  დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. “მშენებელი-2004-მა” სატენდერო ხელშეკრულებებით  3 803 335 ლარი მიიღო.

ინტერესთა კონფლიქტი (მხოლოდ ფურცლებზე)

გელვასი გელაძე 2014-2017 წლებში თვითმმართველ ქალაქ ახალციხეში უშუალოდ იყო ჩართული სატენდერო კომისიის იმ სხდომებში, რომლებზეც მისი კომპანიის კონკურენტებისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების საკითხი იხილებოდა. „მშენებელი 2004”-თან ხელშეკრულების გაფორმებამდე კი აღნიშნავდა, რომ  კომპანიაში 20% წილის ფლობის გამო ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა.  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დოკუმენტს ავსებდა იმ შემთხვევებშიც, როცა ტენდერებში მისი კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო და როცა მუნიციპალიტეტი კომპანიასთან მიღება-ჩაბარების აქტებს აფორმებდა.

თუმცა, იგი ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად ათვალიერებს იმ სამუშაო პროცესებს, რომლებსაც მისი კომპანია ახორციელებს. გარდა ამისა, გელაძე ესწრება ახალციხის მერიაში მელიქიძის მიერ ჩატარებულ თითქმის ყველა შეხვედრას მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მიმდინარე სამუშოების ვადებს, ხარისხს და სხვა პრობლემურ საკითხებს იხილავენ. მათ შორის, ბუნებრივია, „მშენებელი 2004“-ის პროექტებსაც.

„მშენებელი 2004“-ის გამარტივებული შესყიდვები

2014 წლის ივლისიდან დღემდე,  „მშენებელი 2004“-მა  292 951 ლარის ოდენობის 10 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი (60%-ზე მეტი) – 178 199 ლარი კი კომპანიას ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან მაშინ დაერიცხა, როცა გელვასი გელაძეს აქ თანამდებობები ეკავა. ამ თანხიდან 108 381 ლარი „მშენებელი 2004“-მა გამარტივებული შესყიდვებით ბოლო წელიწადნახევარში მიიღო, როცა გელაძე ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მრჩევლად დაინიშნა. ზაზა მელიქიძემ მისი მრჩევლის კომპანიას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სამი გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს  “მშენებელი 2004-ს” მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ისინი შპს-სთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული; ასევე, არის თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები ახალციხის მერის მრჩევლის გელვასი გელაძის საქმიანობაში“, – ნათქვამია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში.