აუდიტის სამსახურმა აჭარაში ჩატარებული აუდიტის შედეგები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნო

899

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს აჭარის რეგიონის მასშტაბით ჩატარებული აუდიტის შედეგები, გამოვლენილი ხარვეზები და შენიშვნები რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს. ხარვეზები სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას, ტენდერების პირობებსა და ჩატარებული სამუშაოების ხარისხს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში პრემიებისა და დანამატების გაცემას უკავშირდება.

„პრობლემებია ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარის ხარჯვასთან დაკავშირებით. ხარვეზები ძირითადად ეხება სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას. იმის გამო, რომ ქონების ნაწილი აღრიცხული არ არის, სახელმწიფო კარგავს პოტენციურ შემოსავალს. არსებობს შენიშვნები პრემიებისა და დამატებების გაცემასა და რაოდენობასთან დაკავშირებით. პრობლემებია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით-ტენდერების გამოცხადების ეტაპზე გარკვეულ შემთხვევებში გამოცხადებული ტენდერები ზღუდავს მონაწილეთა რაოდენობას, არ აწესებს ისეთ სამართლიან პირობებს, რომ იყოს კონკურენცია, ასევე პრეტენზიები გვაქვს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან“,-განაცხადა გენერალური აუდიტის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.

აუდიტის ობიექტებს დღეს ხარვეზების გამოსწორების კონკრეტული რეკომენდაციები, ასევე აუდიტის სამსახურის ინოვაციური ვებპლატფორმა – ბიუჯეტის მონიტორი გააცნეს, რომელიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო სფეროებიდან ინფორმაციის განახლებად რეჟმში მიღების საშუალებას აძლევს. რეგიონების შემდეგ საჯარო განხილვები ანალოგიური ფორმატით თბილისში მოეწყობა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი