პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა

109

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა, ხოლო თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა, სადაც, რამდენიმე დღეა, მკურნალობს.

„ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, – წერია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. თოდაძის ადვოკატი იმედოვნებს, რომ ჯიშკარიანს სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს.