დმანისის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია” იხსნება

56

დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში შვეიცარული აგრარული სკოლა კავკასიის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლა კავკასია საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა.

შვეიცარული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

კოლეჯის ძირითადი საქმიანობა 3 წლიანი პროფესიული პროგრამაა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა.

პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.

სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.

პროექტის ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც უკვე 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს.

პროექტი ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია”-ში სასწავლო პროცესი 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.

კოლეჯის გრძელვადიანი მიზანია 10 წლის შემდეგ 100 ძლიერი პროფესიონალი ფერმერი გაუზარდოს საქართველოს.