აუდიტი: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, კომპანიას ნახევარმილიონიანი ავანსი გადაუხადა

210

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელზე გადახდილია ავანსი – 550 829 ლარი, ამასთანავე, არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, გაზრდილია სამუშაოს შესრულების ვადა, რაც კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა.

კერძოდ, საქმე ეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზის ბარცხანა-ორთაბათუმის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობას, რომელიც შპს “გზებს“ ხელშეკრულების პირობებით, 2017 წლის 20 დეკემბერამდე, ექვს ეტაპად უნდა შეესრულებინა. ამისთვის კი მან 2,209,995.2 ლარი მიიღო.

ხელშეკრულებით, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო, შემსყიდველისთვის წარედგინა წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დასაბუთებული უნდა ყოფილიყო ავანსის სახით მიღებული თანხის გამოყენების მიზნობრიობა; ასევე, მიმწოდებელს უნდა წარედგინა ინფორმაცია, რომ არ იყო რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა.

“წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 20 დეკემბრამდე, მიმწოდებელს შესრულებული აქვს − 1 635 659 ლარის, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 574 336 ლარის ღირებულების სამუშაოები. გარემოებების გათვალისწინებით კი, ნაცვლად იმისა, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრებინა საჯარიმო სანქცია, შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 25 დეკემბერს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან ამოღებულია შეუსრულებელი სამუშაოები და დაემატა ახალი სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 25 თებერვალი, ამასთანავე, დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება 550 829 ლარის ავანსად
გადახდაზე”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

უწყება მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება დაუსაბუთებელია და ვერ ჩაითვლება ვადის გაგრძელებისა და ავანსის გადახდის ობიექტურ წინაპირობად. როგორც ირკვევა, ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, რომ ასფალტბეტონის სამუშაოების შეფერხება გამოიწვია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებმა, თუმცა, დეპარტამენტის წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულებას სჭირდებოდა მხოლოდ 5-7 დღე, ხოლო მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2017 წლის 19 დეკემბერს სამუშაოები დასრულებული იყო;

გარდა ამისა, აუდიტის სამსახური წერს, რომ მიმწოდებლზე ავანსი − 550 829 ლარი, გადახდილია ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ. კერძოდ, გადასახდელი თანხის გამოყენების მიზნობრიობაზე არ არის წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, ასევე, ავანსად გაცემის პერიოდისათვის მიმწოდებლის მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართავს, ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დაუსაბუთებელი საავანსო ანგარიშსწორება, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვას და რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.