ლაგოდეხის სოფელ აფენში შუალედურ არჩევნებზე ჯერ არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა

775

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია. ამის შესახებ “სპექტრს” ლაგოდეხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.

საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ.

საოლქო კომისიამ უკვე აირჩია 6 წევრი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, კომისიის წევრი ჯერ მხოლოდ “ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

ცნობისთვის, სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა და შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო ამიტომ გახდა.

შუალედური არჩევნები ლაგოდეხის გარდა, ასევე, მარტვილსა და ადიგენშიც ჩატარდება. არჩევნები სულ შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 6 776 ამომრჩეველია რეგისტრირებული.