ცქიტიშვილი: მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკურ განვითარებას ხელს შევუწყობთ

1062

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ფარგლებში, მაჟორიტარებთან ერთად, ვმუშაობთ დამატებით კრიტერიუმებზე და უკვე შეთანხმებული ვართ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გადავხედოთ მიდგომებს, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს სტატუსით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ, ასევე, 2 000 მეტრზე ზემოთ დასახლებებში მცხოვრებთა მიმართ გვინდა შევცვალოთ კრიტერიუმები და ამ მიმართულებით კონსულტაციებს ვაგრძელებთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლებებისთვის ბევრი სოციალური შეღავათი დაწესდა და ბევრი სპეციალური პროგრამა განხორციელდა. 400 მილიონი ლარი დაიხარჯა სხვადასხვა სოციალურ პაკეტზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი, დაახლოებით, 86 მილიონი ლარი მოხმარდა, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. საერთშორისო პარტნიორების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც უახლოეს მომავალში გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯებია ასახული”,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ადამიანების კეთილდღეობას აამაღლებს.

“ამისთვის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში არსებობს კონკრეტული მიზნობრივი პროგრამები, რაც აუცილებლად გაგრძელდება. ასევე, ქალბატონ ნათიასთნ ერთად ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.