,,ქუთაისში საბაგიროზე გრაფიკის შემოღების გამო ტურისტებს პრობლემები ექმნებათ” – გოგი წულაია

671

პარტია  “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში საბაგიროს მუშაობის გრაფიკის შემცირებას აპროტესტებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

გოგი წულაიას თქმით, საბაგიროს შეფერხებული მოძრაობა პრობლემას არა მარტო ტურისტებს, არამედ გორის უბნის მცხოვრებლებსაც უქმნით, რადგან გორაზე მიკროავტობუსები არ მოძრაობენ და მოსახლეობა ტრანსპორტად საბაგიროს იყენებს.

“საბაგირო დილიდან საღამომდე ყოველდღე მუშაობდა, ახლა კი ყოველდღე არ მუშაობს, და როცა მუშაობენ, მაშინაც დღის მეორე ნახევრიდან.  ახლა ტურისტული სეზონია და ამ გადაწყვეტილების მიღება არაფრით არ შეიძლებოდა. ტურისტი ფულს გვიხდის და ამ დროს ჩვენ საბაგიროს დაკეტილს ვახვედრებთ. ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ამ ქვეყანაში? რაც უსწორდებათ, იმას აკეთებენ, ხალხის მდგომარეობას კი არავინ ითვალისწინებს. ამბობენ, რომ გრაფიკი შრომის კოდექსს მოარგეს. კანონს ვწერთ იმისთვის, რომ ადამიანებს მეტი კომფორტი ჰქონდეთ თუ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუქმნათ? მივმართავ ქუთაისის მერიას, ჩაერიოს ამ საქმეში, რათა რაც შეიძლება მალე მოაგვარდეს აღნიშნული პრობლემა”, – ამბობს გოგი წულაია.

გორის პარკის დირექტორი კახა კუხიანიძე ამბობს, რომ გრაფიკის შემოღებით ისინი კანონს იცავენ. მისი თქმით, თანამშრომლებს სამუშაო დრო 40 საათზე გადაუნაწილეს. ახალი კადრების შერჩევისთვის კი, მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება. უკვე რამდენიმე დღეა ქუთაისში საბაგიროს მუშაობა შეფერხებულია. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს საბაგირო 17-დან 22, საათამდე მუშაობს.

შაბათ-კვირას – 10-დან 22 საათამდე. ხუთშაბათი კი დასვენების დღეა.