პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვითმმართველი ქალაქების საკითხზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა მიმდინარეობს

610

არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვს.

მათი შეფასებით, კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც 7 თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა, პრეზიდენტმა ხელი არ უნდა მოაწეროს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს და მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს ხვდებიან. კონსულტაციები სწორედ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ეხება.

”ჩვენ მოვისმენთ მათ არგუმენტებს, ჩამოვყალიბდებით შიგნით და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამის თაობაზე გაცნობებთ. თვითმმართველობის არსი არის ხალხთან ახლოს ყოფნა. როდესაც ნაბიჯი ამ მიმართულებით იდგმევა, ხოლო შემდეგ არის ნაბიჯები უკან, ეს სასიამოვნო არ არის. ჩვენ მოვისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის საფუძველზეც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები განხორციელდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი