ხვალ ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

58

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ხვალ, 6 სექტემბერს, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებების მიზანს დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. მათივე ცნობით, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-მდე აქტიურ ვაკანსიას 25 კომპანია შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

“ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 6 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ (წერეთლის მე-2 ჩიხი, N2) გაიმართება.

ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის საქალაქო განყოფილებას ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505.

სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.