„გომის მთაზე ხდება დიდი აღებ-მიცემობა, დიდი კორუფცია“-არმაზ ახვლედიანი

421

“ასულობით უკანონო, უნებართვო მშენებლობაა წამოწყებული გომის მთაზე, იქაური ლანდშაფტის სრული დაზიანებით. მოთხრილია ფერდობები, მიწები. განადგურებულია იქაურობა. მე ვერ ვიცანი ჩემთვის უსაყვარლესი გომისმთა,”- ეს განცხადება ოზურგეთის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის” საზოგადოების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, არმაზ ახვლედიანმა გააკეთა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ნება, ეს ქაოსი ოდნავ მაინც მოწესრიგდეს. უფრო მეტიც, დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი წახალისებულია მათი მხრიდან.

“ასულობით უკანონო, უნებართვო მშენებლობაა წამოწყებული გომის მთაზე, იქაური ლანდშაფტის სრული დაზიანებით. მოთხრილია ფერდობები, მიწები. განადგურებულია იქაურობა. მე ვერ ვიცანი ჩემთვის უსაყვარლესი გომისმთა.

ვინ მოასწრებს, ვინ დაიტაცებს, ამ ტემპებით ვითარდება იქ სიტუაცია. აქ არის დიდი აღებ-მიცემობა. დიდი კორუფცია. არც პროკურატურის, არავის დასკვნა მე არ მჭირდება ამის სათქმელად, რაზეც სრულად ვაგებ პასუხს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ეს მდგომარეობა სასურველი, ანუ მათთვის ხელსაყრელი მღვრიე წყალი, საიდანა შესაძლებელია მეტი უკანონო შემოსავალი მიიღონ, მეტი ოქროს თევზი დაიჭირონ. ალბათ ეს უკანონო მშენებლები წახალისებულები არიან. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული აქვთ, რომ ეს უკანონობა დაუკანონონ ამ ხალხს.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას-ვიდრე არ შეიქმნება გომის მთის განვითარების გეგმა და კურორტს არ განესაზღვრება სტატუსი, დაუყონებლივ და სრულად შეწყდეს ეს პროცესი. ოზურგეთის შესაბამისი სამსახურები დღედაღამ უნდა იყვნენ იქ. უნდა აკონტროლონ ეს ქაოსი, შეაჩერონ ეს მშენებლობები. უნდა მოხდეს მათი გაჩერება და ამ ადგილების გასწორება… ეს არის ღია კორუფციული გარიგების ფაქტები და ამ აღებ-მიცემობის გულგრილი და დანაშაულებრივი საქციელისთვის ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს, დღეს თუ არა ხვალ მაინც. მე ვაპირებ ამ თემაზე ყველას ხმა მივაწვდინო, რომ ხელი აიღონ ამ მარგალიტის, გომის მთის მიტაცებაზე“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

გამოცემა წერს, რომ გომის მთაზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ველოდებით მერიისა და საკრებულოს განმარტებებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან იქ მიმდინარე პროცესების მონიტორინგში და მათ პოზიციებს მიღებისთანავე გავავრცელებთ.