გურჯაანის მერიაში რეორგანიზაცია იწყება

722

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია იწყება. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, მოხდება ზოგიერთი სამსახურის განყოფილებებად ჩაშლა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.

„ვიწყებთ მერიაში რეორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანია სტრუქტურების სწორად წარმართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მუშაობენ არსებული სამსახურები და რა არის გამოსასწორებელი.

მთავარი მიზანია, სისტემა იყოს მოქნილი და სწორად უპასუხოს მოქალაქეების იმ მოთხოვნებს, რაც დღეს რეალურად ჩვენს წინაშე დგას. ვაღიარებ, რომ არ ვართ ისეთი ოპერატიულები, როგორიც უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ რეორგანიზაცია, რომ თუ რამე მინუსები არსებობს, გამოსწორდეს. პირველ რიგში, მოხდება ზედამხედველობის სამსახურის ჩაშლა. ამჟამად, ზედამხედველობა კონტროლს უწევს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ძირითადი აქცენტი გადატანილი აქვს პროექტების მიმდინარეობაზე და კონტროლზე.

ამ პერიოდში უკან რჩება სხვა ფუნქციები: გარე ვაჭრობების კონტროლი, აკრძალვები, ჯარიმები, უკანონო მშენებლობები და ა.შ. ამიტომ ზედამხედველობა გამოვა ცალკე სამსახურად და შეიქმნება ორი განყოფილება. ასევე გავივლით კონსულტაციას სხვა სამსახურის უფროსებთან, რა საშტატო ცვლილება შეიძლება მოხდეს. კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთება ისიც, რომ შეიძლება ესა თუ ის განყოფილება გაუქმდეს, ან გაერთიანდეს. პროცესი დაიწყება ამ კვირაში და დაახლოებით ორი თვე გასტანს. მერიის თანამშრომლებს ამის შესახებ წინასწარ ეცნობებათ,“- აცხადებს არჩილ ხანდამაშვილი.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის შედეგად მოსალოდნელია შტატების შემცირება, გადანაცვლება და ასევე გაზრდა იმ სამსახურში, სადაც საჭირო იქნება.