გორის სოფელ ატენში 600-მდე ოჯახს ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება

92

გორის სოფელ ატენში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 3 უბანი. ზაოტის, მიხანაანთ და ვანიანთუბნის მოსახლეობა სასმელ წყალს უშედეგოდ ელოდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ჯამში აღნიშნულ უბნებში, როგორც სოფლის წარმომადგენელი ამბობს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში სულ 9 უბანია 1500-მდე ოჯახით.

როგორც qartli.ge-ს ადგილობრივებმა აცნობეს, წყლის მიწოდება ერთი კვირის წინ შეწყდა.  გორის მერის წარმომადგენელი ატენის თემში, ნუგზარ მძინარაშვილი ადასტურებს, რომ წყლის მიწოდება სოფელში არსებული 9 უბნიდან 3 უბანს აქვს შეჩერებული. მისი თქმით, შეზღუდვა წყლის სათავე ნაგებობის სამუშაოებს უკავშირდება.

ნუგზარ მძინარაშვილის განცხადებით, სამუშაოები გასულ კვირას დაიწყო და სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ატენში სულ 9 უბანი გვაქვს, აქედან სამ უბანს არ აქვს წყალი. ეს უბნებია: ზაოტისუბანი, ვანიაანთუბანი და მიხანაათუბანი. ამ სამ უბანში 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, მთლიან სოფელში კი 1500-მდე. შაბათის მერე არ აქვთ წყალი. ბატონი კოტეც იყო ამოსული, მოსახლეობას შეხვდა ამ თემაზე. სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობაზე და ამიტომ არ მიეწოდებათ წყალი. ერთი თვე მაინც უნდა,“-გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ოჯახების ნაწილს, რომლებსაც წყალი არ მიეწოდება ჭები აქვთ, ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდება.

ცნობისათვის, ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო. მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობის დროს სათავეში გრუნტის წყალი დაიკარგა. წყლის დონე სათავე ნაგებობაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსახლეობას ჭირდება.

პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ საჭირო გახდა მესამე ეტაპის ჩატარებაც. მესამე ეტაპს დამთავრების ვადა 2019 წლის აპრილამდე მისცეს.