შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდა

1455

1-ლი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა. დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუციელებელია ქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” დღეიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული. 2018 წელს გარდაიცვალა 18, ხოლო მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.