ციხელაშვილი: გორის სოფელ გუგუტიანთკარში ბარიკადების მშენებლობა შეჩერებულია

159

წინა სტატია

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სოფელში ბარიკადების მშენებლობა შეჩერებულია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ე.წ. ბორდერიზაცია და ბარიკადების მშენებლობა 7 აგვისტოს დაიწყო და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად, 7 აგვისტოს, შუადღეს, ცხელი ხაზი რამდენჯერმე გაააქტიურა. 7 აგვისტოსვე საგარეო უწყება ჩვენს პარტნიორებს დაუკავშირდა. ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე, 7 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმმა ხელოვნურ საზღვრების გავლება განაახლა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ შესაბამისს ზომებს მიმართა, მათ შორის ცხელი ხაზის ამოქმედებისა თუ ჟენევის კომისიის საქმის კურსში ჩაყენებით, რის შემდეგაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა.

მომხდარ ფაქტზე მხარეები უკვე 29 აგვისტოს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ.