გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება

957

ახალქალაქში, გოგაშენის და ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ორჯერ ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის თქმით, გზაზე მეწყერისაგან ჩამოშლილი მასის დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

„აქ ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, ზედა ფენის ჩამოშლის საშიშროება აღარ არსებობს. გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა პრობლემა ვიწრო გზაა და ტექნიკა ბევრი ერთად ვერ უდგება“,– გვიხსნის შალვა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან გზის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება, იმ ტერიტორიაზე, სადაც მეწყერის საფრთხე არსებობს.

ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა. ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი რეკომენდაციით, გზის აღდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა მეწყერული პროცესების განმეორებას ისევ ვარაუდობდნენ, ასეც მოხდა, აქ მეწყერი 13 ივნისს ისევ განმეორდა. გზის გაწმენდითი სამუშაოებისათვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჯამში 400 000 ლარამდე გამოყო.

ვარძია–გოგაშენის გზაზე გაწმენდით სამუშაოებს შპს „ასტორია´ასრულებს.