ქუთაისის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო

600

ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილის თამარ მინაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მერიას მისი დაუყოვნებლივ აღსრულება დაევალა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

თამარ მინაძე სამსახურიდან გასულ წელს გათავისუფლდა. როგორც გათავისუფლებული აცხადებდა, მისი სამსახურდან გაშვება უშუალოდ მერის ბრძანებით მოხდა და საფუძვლად სამსახურში ათწუთიანი დაგვიანება დაედო. თამარ მინაძის თქმით, ის დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, რაც ასევე დაადასტურა სასამართლომ, რის გამოც საქმე განსახილველად გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას და დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, მათ შორის მერის და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ.

ასევე, მინაძე აცხადებს, რომ მერიამ მოწმეებად აუდიტის სამსახურის და საბინაო სამსახურის უფროსები წარადგინა, რომელთაც სასამართლოზე არასწორი ინფორმაცია გააჟღერეს. მინაძე არ გამორიცხავს, სიცრუის გამო მათ წინააღმდეგ პროკურატურას მიმართოს.

თამარ მინაძის ინტერესებს ადვოკატი პაატა შავიძე იცავდა. მერიამ თამარ მინაძე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს. გასაჩივრდება თუ არა გადაწყვეტილება, უცნობია.