რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ფონიჭალის მონაკვეთი აღარ აშენდება

2157

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში მდინარე მტკვრის გასწვრივ უნდა გაევლო, აღარ აშენდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი და მოსახლეობა განსახლებისა და კომპენსაციის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც მგფ-ში Droa.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, მოსახლეობასთან შეთანხმება, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უშედეგოდ დასრულდა. უწყების ცნობით, მშენებლობის არეალის მიმდებარედ მცხოვრებლები კომპენსაციის სახით 1 კვადრატულ მეტრზე 900-დან 1000 დოლარამდე თანხას და ტერიტორიიდან განსახლებას მოითოხვდნენ, რის გამოც მათთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

“ჩავატარეთ ყველანაირი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის განსახლების აუცილებლობა არ იდგა და ეს გზა მოსახლეობას ხელს არ უშლიდა. იმ თანხის გადახდა კი, რომლსაც კომპენსაციის სახით ითხოვდნენ, იყო არაგონივრული და მისი გადახდა შეუძლებელია”, – ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა 10 მლნ ლარით დააფინანსა, სამ ლოტად იყო დაყოფილი, რომლიდანაც მეორე ლოტი აღარ აშენდება, ხოლო I და III ლოტის სამუშაოები, მგფ-ს ცნობით, დასრულებულია.

“პირველი და მესამე ლოტი, რომელიც თბილისიდან მიმავალ და რუსთავიდან მომავალ გზებს მოიცავდა, დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ფონიჭალის მონაკვეთი (II ლოტი), რომელსაც აღნიშნული ახალი გზები უნდა დაერთებოდა. ვინაიდან მეორე ლოტის მშენებლობა ვერ ხერხდება, ეს მონაკვეთები ჩვეულებრივ ფონიჭალის არსებულ გზას დაუკავშირდება”, – განმარტეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სხვა ალტერნეტიული გზის მშენებლობა მეორე ლოტზე, აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსგავსი სამუშაოები დაგეგმილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა უკვე 5 წელია, გრძელდება. მოსახლეობამ გზის ამ მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტა. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობდნენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და მიმდინარე სამუშაოები მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა.

ფოტო: gbc.ge