გორში შიდა ქართლის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი გაიმართა

668

გორში “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის” ორგანიზებით და “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს” მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შიდა ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერების” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება.

რეგიონული ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის, მიზანია, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე, საწარმოო ჯაჭვის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებასა და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებაში.

გორში გამართულ რეგიონულ ფორუმზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ფინანსური ინსტიტუტების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შპს “საქართველოს მელიორაციის” წარმომადგენლებმა, ისევე, როგორც აგროდაზღვევაზე მომუშავე კომპანიებმა და ENPARD-ის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის Evoluxer-ის წარმომადგენლებმა.

ფორუმის მსვლელობისას ფერმერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს განხილვებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარისგან და სხვა მიწვეული სტუმრებისგან მიიღეს.

ფორუმის ფარგლებში ევროკავშირთან არსებული “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” შეთანხმების შესახებ პრეზენტაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ზურაშვილმა წარადგინა. მან ფორუმის მონაწილეებს აღნიშნული შეთანხმების პრაქტიკული გამოყენების გზები გააცნო და საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქციის წარმატებული მაგალითები ბიოღვინის, ლურჯი მოცვისა და კივის მაგალითებზე გაუზიარა.

შეხვედრის დასასრულს, “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის” პრეზიდენტმა გიორგი ზაქაიძემ ფორუმის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები შეაჯამა, რომლებზეც მუშაობა ორგანიზაციისთვის მომდევნო პერიოდში პრიორიტეტული იქნება.

რეგიონული ფორუმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2017 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.