გორში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

1110

გორის მერი უფლებამოსილების დასრულებამდე 4 ბაღის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბავშვო ბაღის მშენებლობა სადგურის გარდა, ჭალისა და წმინდაწყლის დასახლებებშიც იგეგმება. ამასთან, გორის მერი უფლებამოსილების ამოწურვამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნას ახალ შენობაში ზერტელებსაც ჰპირდება.

სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე თანხები გასულ წელს უნდა დახარჯულიყო, თუმცა რამდენჯერმე ჩავარდნილი ტენდერის გამო, დაწყებული სამუშაოების დასრულება მერმა მიმდინარე წლის ბოლომდე დააანონსა.

რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, მათი სამშენებლო სამუშაოები რეგიონის 2019-20121 წლის განვითარების გეგმაშია გაწერილი. დოკუმენტის მიხედვით, ჭალის დასახლებაში შესაბამისი სამუშაოები 2021 წლის აპრილიდან-აგვისტომდეა დაგეგმილი და ის 60 ბენეფიციარზე იქნება გათვალისწინებული. მშენებლობისთვის 850 000 ლარია განსაზღვრული. აქედან მერიის წილი 110 500 ლარი იქნება, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

იმავე წლის მარტიდან-სექტემბრამდე საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება წმინდაწყლის დასახლებაში, რომელიც 150 ბავშვზე იქნება გათვლილი და იგივე თანხა დაიხარჯება, რამდენიც წმ წყლის დასახლებაშია დაგეგმილი.

“გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადაც ფუნქციონირებს 2 მუნიციპალური საბავშვო ბაღი, არსებული საბავშვო ბაღების ტევადობა ვერ აკმაყოფილებს დღეს არსებულ მოთხოვნილებას. პროექტით დაგეგმილია წმინდაწყლის დასახლებაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში ახალი, თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა. ასევე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა. საბავშვო ბაღში დასაქმებულ აღმზრდელთა და დამხმარე პერსონალის სახით შეიქმნება დამატებით 15 ახალი სამუშაო ადგილი”, – წერია განვითარების გეგმაში.

უფრო ადრე კი 2020 წლის მარტი – ოქტომბერის პერიოდში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ზერტშია დაგეგმილი, რისთვისაც 800 ლარია გათვალისწინებული, აქედან 80 ათასს გორის მუნიციპალიტეტის მერია დახარჯავს, დანარჩენს – ცენტრალური მთავრობა.

რეგიონული განვითარების გეგმის მიხედვით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია გორის მერის უფლებამოსილებს ამოწურვამდე 2 სოფელში იგეგმება. ამ მიზნით, ტყვიავსა და ხელთუბანში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთად, სულ 812 ათასი ლარია გათვალისწინებული.