“სამოქალაქო მოძრაობა”: სიღნაღის მერმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო ხარჯები 20 000 ლარით გაიზარდეს

995

სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო ხარჯები, 20 000 ლარით გაიზარდეს, –  აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო მოძრაობაში“ .

მათივე ცნობით, დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილებების თანახმად, ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე, სიღნაღის მერმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო თანხები, 20 000 ლარით გაიზარდეს.

საბიუჯეტო წლისთვის განსაზღვრული ფული კი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, უკვე გახარჯულია. შედეგად, ხელფასის გარეშე რჩებიან საბავშო ბაღის, სამუსიკო და საბიბლიოთეკო გაერთიანებაში დასაქმებული ადამიანები.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ა(ა)იპ-ებზე გასაცემი ხელფასისთვის თანხები აღარ არის დარჩენილი. იქ დასაქმებულ ასობით ადამიანს კი, გაურკვეველი ვადით ანაზღაურების გარეშე მოუწევს მუშაობა”, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

“სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის წარმომადგენლის ნონო გოგოლაშვილის კითხვაზე, თუ როდის მიიღებენ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანები ხელფასს, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა უპასუხა, რომ ხელფასი თანამშრომლებს ბიუჯეტში გადასახადების შესვლის შემდეგ დაურიგდებათ.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთადერთი შემოსავალის წყარო, მიწის გადასახადებია. მიწის მფლობელები კი, გადასახადებს ნოემბრის თვეში იხდიან. რა ბედი ეწევა ხელფასის გარეშე დარჩენილ ასობით ადამიანს, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება’, – აცხადებენ “სამოქალაქო მოძრაობაში”.