ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ზოოპარკი 1 ივნისს გაიხსნება

1770

ბათუმის ზოოპარკი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველ ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დამთვალიერებლებს  ცხოველების ნახვა, მთელი სეზონის განმავლობაში, უფასოდ შეეძლებათ.  ბათუმის ცენტრალურ პარკში, ზოოკუთხე ერთი წლის განმავლობაში,  კარანტინის გამო იყო დახურული.  კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ცხოველების დაცემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ზოოკუთხის დირექტორის  მოადგილის განცხადებით,  ცხოველებს საჭირო მკურნალობა  უკვე ჩაუტარდათ, მოწესრიგდა ტერიტორია, შეკეთდა ვოლიერები და ზოოპარკი აღიჭურვა  სამეურნეო ინვენტარით. დამთვალიერებელს შეეძლება, 29 ჯიშის პრიმატების, 7 სახეობის თუთიყუშისა და  38 ცალი ჩლიქოსნის ნახვა, მათ შორის პონების, ირმების,  ანტილოპასა და სხვა.

ბათუმის ცენტრალური პარკიდან, ზოოკუთხის გადატანა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. გადაწყვეტილება მერიაში ერთი წლის წინ მიიღეს. მწვანე კონცხზე, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ დადგენილება, საკრებულომ უკვე მიიღო. ბიუჯეტიდან 568 ათასი ლარით ის მოქალაქეები დაკმაყოფილდნენ,  რომლებიც სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთებს, წლების განმავლობაში ამუშავებდნენ. ლევან აფხაზავას თქმით, ზოოკუთხის გადატანის შესახებ დეტალებს ბათუმის მერი უახლოეს დღეში გააჟღერებს.

ზოოპარკი  ერთი წელია ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაშია.