გორის მერია პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებზე 150 ათას ლარს ხარჯავს

788

გორის მერია პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებზე 150 ათას ლარს ხარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აქედან ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია, რომლის თვიური სარგო 1 200 ლარია, ხოლო 4 მესამე რანგის პირველ კატეგორიას წარმოადგენს 900 ლარიანი ხელფასით. პიარსამსახურის მე-6 თანამშრომელი კი მესამე რანგის მეორე კატეგორიის წარმომადგენელია, მისი ხელფასი თეში 800 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში გორის მერია პიარ სამსახურში დასაქმებულ 6 პირზე ხელფასის სახით თვეში 5 600 ლარს გასცემს, წელიწადში კი 67 200 ლარს .

აღნიშნული მიმართულებით კადრები დასაქმებულები ჰყავთ ა(ა)იპ – ებშიც, გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ორგანიზაციიდან  საზოგადოებასთან ურთიერთობის და პიარის სპეციალისტი 8 ა(ა) – იპ ში ჰყავთ გაფორმებული.

კერძოდ: კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო – 4 თანამშრომელი (1 თანამშრომელი – 600 ლარი; 3 – 350 ლარი); სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო – ( 1 თანამშრომელი – 900ლარი); საფეხბურთო კლუბი ,,გორი” (1თანამშრომელი – 440 ლარი); სკოლამდელი აღზრდის სააგენტო – (2 თანამშრომელი – 700 და 625 ლარი); კეთილმოწყობის სააგენტო – (2 თანამშრომელი – 500 და 300ლარი); სტრატეგიული განვითარების სააგენტო (1თანამშრომელი – 600ლარი); სასმელი წყლის სისტემების,წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგური (1 თანამშრომელი – 500ლარი); საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (2 თანამშრომელი – 340;340ლარი);

გორის მერიიდან “რადიო მოზაიკისთვის” გაგზავნილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ა(ა)იპ ების პიარისთვის დასაქმებული კადრების ხელფასებში თვეში 6 915 , წელიწადში კი 82 980 ლარი იხარჯება.

აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე გამოდის, რომ გორის მერია პიარისთვის დასაქმებულთა ხელფასებში მუნიციპალური ბიუჯეტიდან თვეში 13 415 ლარს, წელიწადში კი 150 180 ლარს ხარჯავს.