კომპანია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვებით მოამარაგებს, უახლოეს დღეებში შეირჩევა

64

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვებით მოამარაგებს, უახლოეს დღეებში შეირჩევა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანია “ნილს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე ახალ კომპანიასთან, მანამდე კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებას თავად ბაღები უზრუნველყოფენ.

კალაძის განცხადებით, კვების კუთხით თბილისის ბაღებში დღეს არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება.

“ორი დღის წინ ჩვენ ხელშეკრულება გავწყვიტეთ კომპანია “ნილთან“, რომელიც კვებით ამარაგებდა ბაღებს. ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ამ კომპანიასთან, თუმცა პირველი, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, კომპანია ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას და იმას, რაც ჰქონდა დავალებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ.

ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. კომპანიამ ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო და გავუწყვიტეთ ხელშეკრულება.

მინდა აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კვებით მომარაგებას თვითონ ბაღები უზრუნველყოფს, იქამდე, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღეში შევძლებთ და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ბაღების კვებით მომარაგება შერჩეული კომპანიის მიერ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძის თქმით, თბილისის მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტაციების შედეგად კვების რაციონზე საკმაოდ ბევრი იმუშავა და კვების რაციონი, რომელიც დღეს ბაღებში არის წარმოდგენილი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.