თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტებით კომპანია “მზიური“ მოამარაგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს.
“ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა. მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია “მზიური”, რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4 500 სავაჭრო ობიექტს ამარაგებს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე.
პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია “მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას. აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება“, – განმარტავენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.