მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგების საარჩევნო პროცესში ჩართვაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

184

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა საარჩევნო პროცესში პედაგოგების ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბათუმში ყოფნისას კომენტარი გააკეთა და კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ პედაგოგებს საარჩევნო პროცესში ჩართულობას და სახელისუფლებო კანდიდატებისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლების თემაზე ეს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს. ჩვენ რაც რეალურად გვაინტერესებს, ეს არის მიმართული იმისკენ, რომ განათლების სფერო განვითარდეს. განვითარება ნიშნავს თავისთავად ყველანაირ თავისუფლებას, თავისუფალ არჩევანს. ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მიმართულია დემოკრატიული პრინციპებისკენ, ამიტომ ჩვენი მთავარი პრიცინპი არის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ სკოლები და პედაგოგები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.