ფეხბურთი მშვიდობისთვის – გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს

216

გამყოფი ხაზის სოფელ მეჯვრისხევში, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში და ორგანიზაცია “ფეხბურთი მშვიდობისთვის” ინიციტივით, საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში – 17, 18 და 19 მაისს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 12-დან 14 წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ.

ტურნირის მიზანია უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევა, სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივება და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

ტურნირის მიმდინარეობისას სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები 3 დღის განმავლობაში ამხანაგურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გარდამავალი თასი და ორგანიზატორებისგან დაწესებული პრიზები გადაეცემა.