გორში სამოქალაქო ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შერჩევა იწყება

1147

“მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ – ამ სლოგანით გორში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020-ის“ – ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა იწყება.

პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება, 2 800 000 ლარია.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 18 აპრილიდან 5 ოქტომბრამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში კი მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს შეარჩევს.

“მერის ბრძანების საფუძველზე, უკვე მომზადდა პროგრამის განვითარების გეგმა და სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები საკუთარ ინიციატივებს წარმოადგენენ. განვითარების გეგმის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სოციალური პროექტი, რომლის ღირებულება არანაკლებ 50 ათასი ლარი იქნება”, – აცხადებენ გორის მერიაში.

ასევე, ჩატარდება საინფორმაციო კამპანია და სამუშაო შეხვედრები, სადაც მოქალაქეებს საპროექტო განაცხადის ფორმებიც დაურიგდებათ.

“სამოქალაქო ბიუჯეტი 2020-ის“ – ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.