რას სთავაზობს მერია მიწის მფლობელებს, რომლებსაც მშენებლობა გენგეგმამ აუკრძალა

1114

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მიწის ზოგიერთ მესაკუთრეს, რომელიც თბილისში ფლობს ნაკვეთს, პრობლემები მას შემდეგ წარმოეშვა, რაც დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცეს. საქმე ისაა, რომ ახალი გენერალური გეგმით ზოგიერთ ადგილს დედაქალაქში ზონირება შეეცვალა, შესაბამისად, იქ, სადაც მშენებლობა დაშვებული იყო, გენგეგმამ აკრძალა და პირიქით-სარეკრეაციო სივრცე სამშენებლოდ იქცა. აქედან გამომდინარე, გამოჩდნენ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, ფიზიკური პირები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა დღეს 10-მდე ასეთ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მიწის მესაკუთრეების უფლებების შელახვა.

ვის და რამდენ მიწის ნაკვეთზე აქვს პრეტენზია ამის გარკვევას გამოცემა “ბიზნეს მედიამ”თბილისის მერიასთან შეეცადა, თუმცა დედაქალაქის ვიცემერს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

მისი თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც გენერალური გეგმა თბილისის მერიამ დაიწუნა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო. მერიას გენგეგმის ავტორებისგან სჭირდებოდა გადაწყვეტის კონკრეტული გზები, რა შეიძლებოდა შეეთავაზებინა მუნიციპალიტეტს მიწის მესაკუთრეებისთვის.

“გენერალური გეგმის დოკუმენტში არის რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მუნიციპალიტეტი ასეთ შემთხვევაში. არის რამდენიმე ალტერნატივა, ესენია მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, ფულადი კომპენსაცია და ცალკეულ შემთხვევებში სწორი ურბანული გეგმარებიდან გამომდინარე ძველი ზონირების განხილვა და დაბრუნება”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ხმალაძის თქმით, მერია აპირებს, გეგმა შეიმუშავოს და ე.წ. მიწის ბანკი შექმნას კონკრეტული პროექტებით, რომელსაც ადგილმონაცვლეობისთვის კერძო პირებსა თუ ბიზნესებს შესთავაზებს.

“მერია აპირებს, მუციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თვითონ დააგეგმაროს განაშენიანება, ცარიელი მიწის ნაკვეთებიდან ჩვენ უნდა შევქმნათ საპრივატიზებო აქტივები, დავამტკიცოთ გრგ-ები და ეს მიწის ნაკვეთები გამოვიყენოთ მონაცვლეობისთვის.

რა აქვს განსხვავებული ამ მიწის ნაკვეთებს? გარდა გრგ-ებისა, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს გასწევს მუნიციპალიტეტი, რომ მივიდეს გზა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი დაინიშნოს. ამ მიწის ნაკვეთებზე მოხდეს სწორი ქალაქგეგმარება და მათი კომერციული ღირებულების ზრდა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ მუნიციპალიტეტის მიწის ბანკი, რომელიც გამოყენებული იქნება ასეთი ტიპის მონაცვლეობისთვის”, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.