გურჯაანში ორი ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია იწყება

228

პირველ მაისამდე ორი ა(ა)იპ-ის – “სპორტული გაერთიანებისა” და “მუნიციპალური კულტურის ცენტრის” რეორგანიზაცია დაიწყება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მერის მოადგილემ, ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ორივე ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.

“მერის მოადგილის რანგში ფაქტობრივად დავამთავრე ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა. ჩემთვის სრულიად ნათელია როგორი მდგომარეობაა იქ, გავეცანი მათ სტრუქტურას, დებულებებს, წესდებას და ა.შ. ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება ა(ა)იპ-ების სტრუქტურული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, პირველ მაისამდე გამოცხადდება :სპორტული გაერთიანებისა“ და “მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი ამ ეტაპისთვის არ გულისხმობს შტატების შემცირებას. თითოეული ა(ა)იპ-ის სტრუქტურა ჩამოყალიბდება სხვა კუთხით. ყველა თანამშრომლისთვის დაიწერება შინაგანაწესი, გაიწერება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია, გადაიხედება მათი კვალიფიკაცია, არის თუ არა შესაბამისობაში ამა თუ იმ დაკავებულ თანამდებობასთან. ამ პერიოდში დავინახავთ როგორ იმუშავებს სტრუქტურა და თითოეული თანამშრომელი. შესაბამისი შეფასებები მხოლოდ ამის შესაბამისად გაკეთდება”, – განაცხადა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, სტრუქტურის დალაგების შემდეგ თანამშრომლებისთვის გაიწერება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

“განისაზღვრება თითოეული ადამიანის სამუშაო აღწერილობა და ამის შემდეგ დაიდება ხელშეკრულებები. თუ ნებისმიერი მათგანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ვერ ან არ შეასრულებს კვალიფიციურად, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ასეთი ადამიანები დატოვებენ სამსახურს. ორივე ა(ა)იპ-იში ხელმძღვანელის კუთხით არჩევანი გაკეთებულია და ორივეს მხარს ვუჭერ. კარგიც არის, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ახალი ხედვებით და მიზნებით იწყებს რეორგანიზაციას”, – განმარტა გურჯაანის მერის მოადგილემ.

ლელა თევდორაშვილის თქმით, რეორგანიზაცია სხვა ა(ა)იპ-ებშიც იგეგმება.