ცქიტიშვილი: სამინისტროს პრიორიტეტია პატარა ქალაქებსა და სოფლებში შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც დედაქალაქშია

36

სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც აუცილებელია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის, –  განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფლის განვითარებისა და ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების თაობაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“რეგიონული განვითარების სამინისტროს პრიორიტეტია პატარა ქალაქებსა და სოფლებში შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დედაქალაქში,  ანუ მაქსიმალურად  შევუწყოთ ხელი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესაძლებლობების გათანაბრებას. ამასთანავე, უნდა შევიმუშავოთ ისეთი რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მოდელი, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ პროგრესს, მაგალითად  – ტურიზმის ან წარმოების სფეროში,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერმა მთის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესზეც ისაუბრა.

საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენცია ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას საქართველოში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.