რამდენი მაჟორიტარი ეყოლება საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს?

873

საქართველოს პარლამენტი სულ მალე დაიწყებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების განხილვას, რომლის თანახმადაც, სათემო მუნიციპალიტეტებში შემავალ ქალაქებს საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა გაეზრდება. ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი – ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა და თელავი გააუქმა. ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას არასამთავრობოები და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდნენ და ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ის მოჰყავდათ, რომ სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანების შემდეგ, ამ ქალაქებს აღარ ეყოლებოდა მხოლოდ ქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი ხელისუფლება – მერი და საკრებულო, მათ, სხვა ქალაქების მსგავსად, საკრებულოში თითო წარმომადგენელი ეყოლებოდათ, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი როგორც ქალაქის, ისე სოფლების საჭიროებების მოგვარებას მოხმარდებოდა, ეს კი ქალაქის შემდგომ განვითარებას შეუშლიდა ხელს.

როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გადაწყვიტა პარლამენტმა ქალაქებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება შეეხება როგორც გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს, ისე მუნიციპალიტეტებში შემავალ სხვა ქალაქებსაც.

ინიციატივა, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ეკუთვნით, ითვალისწინებს შემდეგს:

ქალაქს, რომელშიც 4 000-დან 10 000-მდე ამომრჩეველია, 2 მაჟორიტარი ეყოლება;
ქალაქს, რომელშიც 10 000-დან 20 000-მდე ამომრჩეველია, 3 მაჟორიტარი ეყოლება;
ქალაქს, რომელშიც 20 000-დან 35 000-მდე ამომრჩეველია, 4 მაჟორიტარი ეყოლება;
ქალაქს, რომელშიც 35 000 და მეტი ამომრჩეველია, 5 მაჟორიტარი ეყოლება.

რამდენად გაანეიტრალებს ეს ცვლილება იმ ზიანს, რომელიც თვითმმართველ ქალაქებს სტატუსის გაუქმებით მიადგა და რეალურად, რამდენი წარმომადგენლით იზრდება ან მცირდება ამ ქალაქების მაჟორიტარი დეპუტატები? თითოეული ამ ქალაქის ამომრჩეველთა რაოდენობით დგინდება, რომ ყოფილი თვითმმართველი ქალაქებისთვის ვითარება, რეალურად, უარესდება.

“საარჩევნო კოდექსის” 140-ე მუხლის თანახმად, გაუქმებული 7 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოები შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის თითოეული ამ ქალაქის საკრებულოში, პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებთან ერთად, 5 მაჟორიტარი დეპუტატია, ანუ ზუსტად იმდენივე, რაც, კანონპროექტით, გაზრდილ მაჟორიტართა მაქსიმალური ოდენობაა. აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მაჟორიტარების გარდა, ამ ქალაქებს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავდათ, ისევე, როგორც ჰქონდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ ქალაქის საჭიროებებს ხმარდებოდა.

რამდენი მაჟორიტარი ეყოლება თითოეულ ამ ქალაქს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იმ ფორმულით, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს?

ქალაქ ამბროლაურში ამომრჩეველთა რაოდენობა, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით, 2 051-ია. ფორმულის თანახმად, იმისათვის, რომ ქალაქს 2 დეპუტატი მაინც ჰყავდეს საკრებულოში, 4 000-დან 10 000-მდე ამომრჩეველი უნდა ცხოვრობდეს და რადგან ამბროლაურში ამდენი ამომრჩეველი არაა, მას სათემო მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. არსებული სისტემით, დღეს თვითმმართველ ქალაქ ამბროლაურს ქალაქის საკრებულოში 5 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

სავარაუდოდ, 2 მაჟორიტარი ეყოლება ქალაქ მცხეთას, ვინაიდან აქ ამომრჩეველთა რაოდენობა 6 934-ია. ანუ მცხეთის შემთხვევაში, ქალაქის მაჟორიტართა რაოდენობა სამით შემცირდება.

სავარაუდოდ, 3-3 მაჟორიტარი, ანუ ორით ნაკლები ეყოლება ქალაქებს – ოზურგეთს, თელავსა და ახალციხეს, ვინაიდან სამივე ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლებია – ოზურგეთში – 15 174, თელავში – 18 787, ხოლო ახალციხეში – 14 858 ამომრჩეველი.

როგორც ჩანს, მაჟორიტარები არ დააკლდება ზუგდიდსა და გორს – ამ ქალაქებს სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სავარაუდოდ, 5-5 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, რადგანაც ზუგდიდში ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს, ხოლო გორში – 40 000-ს. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით კი, ქალაქს, რომელსაც 35 000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, საკრებულოში 5 მაჟორიტარი წარმოადგენს.

ფაქტია, რომ აღნიშნული მოდელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებით ამ ქალაქებისა და მათი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის საპირწონედ ვერ გამოდგება, ვინაიდან, თვითმმართველობის სრულფასოვნად განსახორციელებლად მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის განსაზღვრა საკმარისი არ არის. სამაგიეროდ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო ატეხილი აჟიოტაჟი სასარგებლო სხვა, არათვითმმართველი ქალაქებისთვის აღმოჩნდება – მათ დიდ ნაწილს საკრებულოში ერთზე მეტი მაჟორიტარი ეყოლება, რაც ქალაქის პრობლემებზე ზრუნვის მინიმალურად, მაგრამ მაინც მეტ შანსს გაუჩენს ამ ქალაქებსა და მათ მცხოვრებლებს.