თელავის საკრებულომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა

153

თელავის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ექნება. დოკუმენტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტი 2017 წლის 14 დეკემბერს შეუერთდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის განმარტებით, გეგმის ძირითადი მიმართულებებია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და შრომის ბაზარი, რომელთა განვითარება მუნიციპალიტეტის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.

“საკრებულომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მთავარი ფაქტორებია სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის შემოსავლების მატება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების მართვა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტში დასაქმების მხრივ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო და ბიზნესსექტორის აქტიური მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დაფინანსება განსაზღვრულია ეროვნული პროგრამების, ადგილობრივი ბიუჯეტის, ბიზნესსექტორისა და დონორი ორგანიზაციების მიერ.