კალაძე: კვლევის შედეგად გაირკვევა, სჭირდება თუ არა დედაქალაქს მიკროავტობუსები

161

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც და კვლევის შედეგად გაირკვევა, სჭირდება თუ არა ის დედაქალაქს.

“ფრანგული კომპანია “სისტრა“ კვლევას ატარებს და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც თბილისში ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები.

“ალბათ ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილით დგახარ საცობში და სპეციალურ ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უპრობლემოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, როგორც თბილისის ვიცემერმა თქვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები უნდა გაიზარდოს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალი კიდევ ბევრი გვაქვს ქალაქში. ამ დროს, ცენტრალურ ქუჩებზე ერთმანეთის კონკურენციაში არიან მიკროავტობუსები და ავტობუსები. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანია, რომ მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე. ასევე, უფრო მეტად უნდა დაიფაროს დედაქალაქის არეალები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ოპტიმალური მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მეტად იყოს ინტეგრირებული მეტროსთან, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი ხერხემალია.

უახლოეს პერიოდში ქალაქში დაიწყება რეფორმა. ეტაპობრივი გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ ქსელზე. მიკროავტობუსებს, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელსაც გვაწვდის ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, აქვს გარკვეული ადგილი, მაგრამ ძალიან მცირე და ძირითადად, შიდა საუბნო დონეზე. ძირითადი ტრანსპორტი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრება და ეს იქნება ავტობუსები და მეტრო“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.