საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა

39

სტატიის გაგრძელება

ახალქალაქში ჭავჭავაძის ქუჩაზე კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი უკანონოდ დადგა, რის გამოც კომერციულ საქმიანობაში ხელი ეშლებათ. ადგილობრივები მერიას ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ და ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟს ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარეგანათების ბოძზე საგზაო ნიშანი, გასული წლის ბოლოს გააკეთეს. ამკრძალავი ნიშნის მოხსნის მოთხოვნით წერილი ადგილობრივებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში და შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოშიც შეიტანეს.

“საგზაო ნიშნის ჩამოხსნის, ან შეცვლის საკითხი არ შედის ჩვენს კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ახალქალაქის მუნიცპალიტეტის მერიას“, – ნათქვამია სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს უფროსის გიორგი სორდიას პასუხში, რომელიც კომერციული ფართის მეპატრონეებმა 21 თებერვალს მიიღეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი “გაჩერება აკრძალულია“ ჭავჭავაძის ქუჩაზე კანონის დაცვით, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლების განცხადების საფუძველზე ნოემბერში დამონტაჟდა. კომერციული ფართის მეპატრონეები კი აცხადებენ, რომ ამკრძალავი ნიშანი არა მოსახლეობის, არამედ მერიის ერთი თანამშრომლის სურვილის შესაბამისად გააკეთეს.

ახალქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ამკრძალავი ნიშანი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დააყენეს, თუმცა ამ მოთხოვნის შესახებ მერიაში ადგილობრივების განცხადება სამი წლის წინ, 2015 წლის 24 ივლისს შევიდა. წერილიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა ჭავჭავაძის, თავისუფლების და ნალბანდიანის ქუჩების გადაკვეთებზე გადატვირთული მოძრაობის გამო, მანქანების გაჩერების ამკრძალავ, ან ცალმხრივად მოძრაობის ნიშნების დადგმას ითხოვს, თუმცა თვითმმართველობამ არჩევანი ამკრძალავ ნიშანზე გააკეთა.

“2015 წლის განცხადებაში ხუთი ადამიანი აწერს ხელს, აქედან ორი უკვე აღარ ცხოვრობს ჩვენს ქუჩაზე“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი ვაჰან ბათოიანი კი ირწმუნება, რომ გარდა ამ წერილისა, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარების თხოვნით მათ სიტყვიერადაც მიმართავდნენ.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველ მარტს მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის საქმეს შეისწავლის.

“ნაწილი ითხოვდა, რომ დაგვეყენებინა ეს ნიშანი, ნაწილს არ მოსწონს. შევისწავლით, თუ საჭიროა დავტოვებთ და თუ საჭიროა ავიღებთ“, – ამბობს ახალქალაქის მერი.